Saturday, June 16, 2012

გამოყენებული ლიტერატურა

google
medicina.ge
interes.ge
wikipedia.org

ჩემი შეხედულება

ამ საიტზე დადებული მასალა სანდო წყაროებიდანაა მოძიებული. შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ:):) მგონი მოგეწონებათ:) ვფიქრობ ძალიან საინტერესო საიტი გამოვიდა.. ყოველ შემთხვევაში სასარგებლოა მაინც:) სამწუხაროდ ვიდეო ვერ ვიპოვე. კიდევ კარგად მოვძებნი და აუცილებლად დავდებ:)

ჩარხალი და დიაბეტი

დიაბეტიანისთვის ორგანიზმის გაძლიერებისა და სისხლძარღვოვან გართულებათა თავიდან აცილების მიზნით ჭარხლის წვენითა და ქაცვის ზეთით მკურნალობა არამცთუ შეიძლება, არამედ აუცილებელიც კია.

თავდაპირველად - ჭარხლის წვენზე

წითელი ჭარხლით მკურნალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჭარხალს წარმატებით იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში ავიცენა, ჰიპოკრატე, გალენუსი, პარაცელსიუსი, დიოსკორიდე და სხვანი. ანტიკური საბერძნეთის ექიმები ჭარხლის წვენით მკურნალობდნენ ანემიას, საჭმლის მომნელებელი

ტრაქტისა და ლიმფური სისტემის პათოლოგიებს. ამ სამკურნალო საშუალებას უძველესი დროიდან იყენებდნენ არაბები და სპარსელებიც. აღმოსავლური მედიცინის საუნჯეში ჭარხლის წვენით მკურნალობის არაერთი საინტერესო რეცეპტია შემონახული. ჭარხლის წვენის უნიკალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღირებულებას ვიტამინების შემცველობა, კალიუმის, იოდის, რკინის, ცილებისა და უჯრედისის კომბინაცია განსაზღვრავს. ის მდიდარია ბეტაინით, ბეტანინით, P1 ვიტამინით, წმენდს ორგანიზმს წიდებისა და მავნე ქოლესტერინისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვებს. ამ თვისებების გამო ჭარხლის წვენი ძველთაგანვე გამოიყენება ალერგიულ რეაქციათა, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიული დაავადების, ღვიძლის, სახსრების, ფარისებრი ჯირკვლის, სისხლის სხვადასხვა პათოლოგიის სამკურნალოდ. უკანასკნელი ათწლეულის გამოკვლევებით დადგენილია, რომ წითელ ჭარხალში შემავალი ბეტაინი და ბეტანინი აუმჯობესებს ცილების შეთვისებას და აქტიურად მონაწილეობს ქოლინის წარმოქმნაში. ქოლინი აძლიერებს ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) ფუნქციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, აწესრიგებს ორგანიზმში ცხიმოვან ცვლას, ხელს უწყობს კაპილარების განმტკიცებას. ჭარხალში შემავალი ძნელად მოსანელებელი უჯრედისის, პექტინებისა და ორგანული მჟავების წყალობით (საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მათი გადაადგილებისდა კვალად) აბსორბირდება (შეიწოვება და იბოჭება) და ორგანიზმიდან გამოიყოფა მიკრობული წარმოშობის მავნე, შხამიანი ნივთიერებები, მძიმე მეტალთა მარილები, რადიაქტიური იზოტოპები, ჭარბი ქოლესტერინი და ორგანიზმისთვის არასასურველი მრავალი სხვა ნივთიერება. დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია რეგულარულად, დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1/4 ჭიქა ჭარხლის წვენის მიღება. სასურველია, წვენი უშუალოდ მიღების წინ გამოწუროთ - ახალგამოწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა. იგი ორგანიზმს ავსებს 2,5-ჯერ მეტი აქტიური ჟანგბადითა და ორვალენტიანი რკინით, რომელიც ასე აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის. თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტორიც: ჭარხლის ახალგამოწურულ წვენს ზოგიერთის ორგანიზმი ვერ იღებს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, მკურნალობა მცირე დოზით (1 ჩაის კოვზით) დაიწყოთ და თანდათანობით გაზარდოთ 1 ჭიქა დღიურ ულუფამდე. ახალგამოწურული წვენის აუტანლობის შემთხვევაში (თუ თავბრუხვევამ, გულისრევამ, წნევისა და პულსის ვარდნამ, ზოგადმა სისუსტემ შეგაწუხათ), გირჩევთ, გაწურული წვენი 1-2 საათით მაცივარში დააყოვნოთ და ამის შემდეგ მიირთვათ. კარგია ასევე 150-200 გრამი მოხარშული ჭარხლის რეგულარული მიღება სადილად. ეს ბოსტნეული, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

იცით თუ არა რომ ???

* დედამიწაზე 375 ათასი სახეობის მცენარე ხარობს. მათ შორის ყვავილოვანი 250 ათასია.
* ერთი ხე წელიწადში იმდენ ნახშირორჟანგს შთანთქავს, რამდენსაც გამოყოფს ავტომობილი რამდენიმე ათასი კილომეტრის გავლისას.
* ერთი ხე წელიწადში გამოყოფს 120 კილოგრამ ჟანგბადს, რაც საკმარისია წლის განმავლობაში სამი ადამიანის ნორმალური სუნთქვისთვის.
* მცენარე ცერატონია იძლევა თესლს, რომლის ყველა მარცვალი ერთნაირია და ზუსტად 0,2 გრამს იწონის. იუველირები მათ საწონებად იყენებდნენ. წონის სწორედ ამ ერთეულს ჰქვია კარატი.
* დიდ ქალაქში ხე საშუალოდU8 წელიწადს ცოცხლობს.
* ხეები საკვების 10%-ს ნიადაგიდან იღებენ, დანარჩენს კი ატმოსფეროდან.

* საშუალო ზომის ხისგან შესაძლებელია 170 ათასი ფანქრის დამზადება.
* მეხი ყველაზე ხშირად ეცემა მუხას, ფიჭვსა და ნაძვს, თითქმის არასოდეს - თხილს და ალვის ხეს.



მტაცებელი მცენარეები
ყველაზე მტაცებელი მცენარეები აზიის ტროპიკულ ტყეებში ხარობენ. მათ ფოთლებზე დაგებულ ხაფანგში ხშირად ებმებიან ფრინველები, ბაყაყები, თაგვები, რომელთაც მცენარე სპეციალური ფერმენტებით ინელებს.
არანაკლებ საშიში მცენარეა ახალზელანდიური ჭინჭრის ხე. მას ძაღლისა და ცხენის მოკვლაც კი შეუძლია. შეხებისას მცენარე მსხვერპლის კანქვეშ ძლიერმოქმედი შხამების მთელ თაიგულს, მათ შორის - ჰისტამინსა და ჭიანჭველამჟავას უშვებს.

ყველაზე, ყველაზე...
მსოფლიოში ყველაზე მარტოსული ხე L’Arbre du Tenere-ია. მის გარშემო 200 კილომეტრის რადიუსზე არც ერთი სხვა ხე არ იდგა. ცოტა ხნის წინ იგი ავტომობილის დაჯახების შედეგად გადატყდა.
მსოფლიოში ყველაზე დიდი წყლის მცენარე ამაზონიური ვიქტორიაა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ხარობს. მისი ფოთოლი 2 მ დიამეტრისაა და 50 კგ-იანი ტვირთის შეკავება შეუძლია.
ყველაზე სწრაფად მზარდი მცენარე ბამბუკია. სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში იგი დღე-ღამეში 75-90 სმ-ით იყრის ტანს.
ყველაზე მყრალი მცენარე ამორფოფალუსია, მას დამპალი თევზის სუნი აქვს. კუნძული სუმატრა, სადაც იგი ხარობს, სწორედ ამ სუნითაა გაჟღენთილი.
მსოფლიოში ყველაზე მაღალი მცენარე მარადმწვანე სეკვოიაა, რომელიც კალიფორნიაში ხარობს და რომლის სიმაღლე 111 მეტრია.
ყველაზე მასიურ ხეს შეეძლო მოეცა 3 ათასი კუბური მეტრი ფიცარი და იწონიდა 3600 ტონას. იგი 1905 წელს შტორმის შედეგად დაზიანდა.
ფესვები ყველაზე ფართოდ აქვს გადგმული ბენგალიურ ფიკუსს - 500 მეტრამდე.
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მცენარე შვედეთში ხარობს. მას 9000 წელი შეუსრულდა.
ყველაზე სქელი ხე სიცილიური წაბლია. იგი 4000 წლისაა და მისი გარშემოწერილობა 64 მეტრს აღწევს.
ყველაზე დიდი ფოთლები აქვს პალმა რაფიას - მათი სიგრძე 20 მეტრია.
სამყაროს უძველესი მცენარეები წყალმცენარეებია. ისინი უკვე მილიარდი წელია არსებობენ.

მიირთვით მეტი ზეთისხილი

ზეთისხილი ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა. ზეთისხილის გვირგვინით ამკობდნენ ოლიმპიურ ასპარეზობაში გამარჯვებულებს. ფარაონებსა და მეფეებს კურთხევის დროს შუბლზე ზეთისხილის ზეთს სცხებდნენ. ბიბლიური გადმოცემით, მტრედმა ნოეს წარღვნის შემდეგ ნისკარტით ზეთისხილის რტო მიუტანა. სწორედ ამგვარად შეიტყო ნოემ, რომ წყალმა იკლო და მცენარეულობა გამოჩნდა. ეს ყოველივე იმის დასტურია, რომ ზეთისხილს ადამიანი განსაკუთრებით დიდ პატივს სცემდა.

ზეთისხილს უწოდებენ "ხეთა ხეს", "პირველს ყველა ხეთაგან". ძველ საბერძნეთში ზეთისხილის ხე მიიჩნეოდა სინათლისა და გონიერების ქალღმერთის - ათენა პალადას ხედ. ის იყო სიბრძნისა და მშვიდობის, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის სიმბოლო. ზეთისხილი ძვირფასი კულტურაა. მის ნაყოფსა და ზეთს უდიდესი კვებითი და სამკურნალო მნიშვნელობა აქვს. ზეთისხილის ზეთი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ცხიმებს. არსებობს ცხოველური და მცენარეული ცხიმები. ზეთისხილი სწორედ განსაკუთრებულ მცენარეულ ცხიმს (ზეთს) იძლევა. მისი ნაყოფი შეიცავს 35%-მდე მაღალხარისხოვან ზეთს. ცხიმი უხვად არის ზეთისხილის ჯერ კიდევ მოუმწიფებელ, მწვანე ნაყოფში, ხოლო მომწიფებასთან ერთად ზეთის შემცველობაც იზრდება. პლინიუს უფროსის მტკიცებით, ზეთისხილის ზეთით დაზელა სიცივეში ათბობს სხეულს, ხოლო სიცხეში აგრილებს. გარდა ამისა, ეს ზეთი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას. ესპანეთში ფართოდ არის გავრცელებული კერძი "გასპაჩო", რომელიც ასე მზადდება: პურის ნაჭრებს ასხამენ იმდენ ზეთისხილის ზეთს, რომ კარგად გაიჟღინთოს, მერე კი მარილით, ნივრითა და წიწაკით აზავებენ. ეს კერძი ძლიერ ნოყიერი, გემრიელი და სასარგებლოა. ცოტაოდენიც კი ანაყრებს ადამიანს და, რაც მთავარია, ზრდის მცხუნვარე მზეზე მუშაობის უნარს. ზეთისხილის ზეთი სამხრეთის ქვეყნებში მთლიანად ცვლის ცხოველურ ცხიმს, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ზეთისხილი მოჰყავთ (ალჟირი, ტუნისი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი), ის მოსახლეობის უმნიშვნელოვანეს საკვებს წარმოადგენს. ხარისხით გამოირჩევა პროვანსული ზეთი, რომელიც თვისებებით ყველა ძვირფას მცენარეულ ზეთს აღემატება. პროვანსული ზეთი მიიღება მწიფე ნაყოფის მსუბუქი ცივი დაწნეხით. ის წმინდა, სრულიად გამჭვირვალე და უფერულია, ზოგჯერ - მოყვითალო-მოოქროსფრო, თითქმის არ აქვს სუნი, მოტკბოა, აქვს საუკეთესო გემო და არომატი, მდიდარია ვიტამინებით, ძლიერ ნოყიერია და, რაც მთავარია, ადვილად მოსანელებელია. მას ფართოდ იყენებენ გულის, კანისა და სახსრების დაავადებათა სამკურნალოდ. პირველი გამოწურვის შემდეგ, შედარებით უფრო ძლიერი ცივი დაწნეხით, მიიღება ასევე ძვირფასი ზეთი, რომელსაც მომწვანო-მოყვითალო ფერი აქვს. დარჩენილი მასის ცხელი დაწნეხით კი იღებენ უფრო დაბალი ხარისხის ზეთს, რომელიც ჩვენში ზეითუნის ზეთის სახელით არის ცნობილი. საბოლოო დაწნეხით მიღებული ზეთისგან ძვირფას საპნებს ამზადებენ. ზეთისხილისგან მხოლოდ ზეთს როდი იღებენ; მისი როგორც მწიფე, ისე დაუმწიფებელი, მწვანე ნაყოფისგან მზადდება მწნილები, მარინადები და კონსერვები. ზეთისხილის ნაყოფი შესანიშნავი საშუალებაა მორყეული კბილების გასამაგრებლად და ნაღველკენჭოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად. ცნობილია, რომ ზეთისხილის მასობრივი მოხმარების რეგიონებში მოსახლეობა ნაკლებად ავადდება აპენდიციტით. გარდა ცხიმებისა, ნაყოფი მდიდარია ცილებით, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერებებით. შეიცავს ასევე წყალსა და ნაცარს. ამ კულტურის ფართო გავრცელება სწორედ მისი სამკურნალო თვისებებით აიხსნება. იმას, რომ ზეთისხილი უძველესი მცენარეა, უამრავი მასალა მოწმობს. მაგალითად, საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გათხრების დროს იპოვეს ზეთისხილის ზეთსახდელი მოწყობილობა, რომელსაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2-3 ათასი წლის წინათ იყენებდნენ. პალესტინასა და მესოპოტამიაში ნახავთ კიდეც 2-3 ათასი წლის ზეთისხილის ხეებს. ზეთისხილი დღესაც მრავალი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების სიმბოლოს წარმოადგენს. დიდი კვებითი და სამკურნალო ღირებულების გამო ყველა ქვეყანა, სადაც კი შესაძლებელია მისი გაშენება, ზრუნავს ამ კულტურის გავრცელებაზე, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ეს კულტურა არ ხარობს, ზეთისხილის ნაყოფისა და ზეთის შემოზიდვაზე დიდძალი თანხა იხარჯება.

ბარამბო


ბარამბო მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ლიმონის დამახასიათებელი სუნითა და დატოტვილი ფესურით. ღერო სწორმდგომია, ოთხწახნაგოვანი, დატოტვილი, ფოთლები მოპირისპირეა, ქვედა ფოთლები სხედან გრძელ ყუნწებზე, გულისებრ-კვერცხისებრია, ზედა _ მოკლე ყუნწებზე, რომბისებრი ან მოგრძოა. ყველა ფოთოლი ღრმად არის დაკბილული. ყვავილები მჯდომარეა,სხედან ზემოთა ფოთლების უბეებში. გვირგვინი ბაცი ყვითელია თეთრი ან მოვარდისფრო, შეზრდილია მილისებურად, ორტუჩიანია, ნაყოფი მშრალია, იყოფა 4 კაკლურად. ყვავილობს ივნის-სექტემბერში.

ბარამბო ხარობს ბუჩქნარებში, მეჩხერ ტყეებში, ბალახოვან და ქვიან ადგილებში, გზისპირებთან ახლოს.
ნედლეულად იყენებენ ფოთლებსა და ღეროს კენწრულ ნაწილს. იგი შეიცავს 0,3%-მდე ეთერზეთს, ტანინს.

ბარამბო გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, სპაზმოლიტური საშუალება. იგი აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, სპობს ფერმენტაციის ანომალიებს.
ბარამბოს გამოყენების დროს ავადმყოფს ეხსნება ხუთვის შეგრძნება, სუსტდება ან სულ ისპობა ტაქიკარდიის მოვლენები და ტკივილები გულის არეში, მცირდება გულისცემის სიხშირე, დაბლა იწევს სისხლის წნევა.

ბალბა

ბალბა – ერთწლიანი (მრავალწლიანი) ბალახოვანი მცენარეა ბალბისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1 მ-მდე, ძლიერი ღერძული ფესვით. მას ქართლში – ჩიტიპურას, ხევსურეთში – აბაზას, მესხეთ-ჯავახეთში – კორკოტინას, რაჭაში – მოლოქა ფხალს, სამეგრელოში ბუდორიას ეძახიან. ბალბის ღერო ან სწორმდგომია ან დაწოლილი, სიგრძით 30-80 (150) სმ-მდე, დატოტვილი. ფოთლები გრძელყუნწიანია, მომრგვალო, ხუთი ან შვიდფრთიანი, კიდედაკბილული, ზემოდან ოდნავ შებუსული, ხოლო ქვემოდან დაფარულია თეთრი ბეწვებით. ყვავილები მსხვილი აქვს ვარდისფერი ან იისფერი, მუქი ძარღვებით. 5-10-ად შეკრებილი სხედან ფოთლის უბეებში. ყვავილსაფარი ორმაგი აქვს, ხუთფურცლიანი, ბევრი მტვრიანითა და ერთი ზედანასკვიანი ბუტკოთი. ნაყოფი მშრალია, რგოლის ფორმის, რომელიც იშლება 10 თითო თესლად.

ბაბუაწვერა

ბაბუაწვერა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფოთლები როზეტადაა შეკრებლი, ისინი ხშირად ლანცეტისებრია, ფოთლის კიდე ამოკვეთილია. ისინი სიგრძით 10-25 სმ-ია, სიგანით 1,5-5 სმ. მცენარის ყოველი ნაწილი (ფესვები, ღეროები, ფოთლები) შეიცავს რძეწვენს. ყვავილები ყვითელია, ენისებრი, ორსქესა, შეკრებილია ცალკეულ ყვავილედებად, დიამეტრით 5 სმ-მდე და შიშველ, ღრუ უფოთლო საყვავილე კენწეროზე ვითარდებიან. ნაყოფი თესლურაა, ფრენია, ბოლოვდება ქოჩრით.
ბაბუაწვერა ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი კი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შემოდის. ამიტომ, იგი ხშირად ზაფხულის განმავლობაში მეორე ყვავილობასაც ასწრებს.
ბაბუაწვერა საქართველოს თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული, როგორც მაღალმთიანეთში, ისე დაბლობში.
ნედლეულად იყენებენ ბაბუაწვერას ფესვებს. მათ გვიან შემოდგომით, ფოთლების ჭკნობის ფაზაში თხრიან ნიჩბებით, მიწას ჩამობერტყავენ, შემოაჭრიან ფოთლების ნარჩენებს, ფესვის წვეროს, გვერდით წვრილ ფესვებს, რეცხავენ ცივ წყალში და ტოვებენ ჰაერზე რამდენიმე დღე, სანამ არ შეწყდება მისგან რძეწვენის გამოყოფა. შემდეგ გაშლიან ქაღალდზე თხელ ფენად, აშრობენ ჩრდილში, კარგი ვენტილაციის პირობებში, კარგად გამომშრალ ფესვებს ინახავენ მშრალ ადგილზე არაუმეტეს 5 წლისა.

ბაბუაწვერას ფესვებიდან მიიღეს ტრიტერპენის შენაერთები, სიგმასტერინი, ინულინი (24%-მდე) ქოლინი, ნიკოტინის მჟავა, ფისები, ცვილი, კაუჩუკი (3%-მდე) და ცხიმი.
ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ფესვების ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად, როგორც მადის მომგვრელ, ნაღვლის სადენ საშუალებას. იყენებენ აგრეთვე ბუასილის სამკურნალოდაც.

ბაბუაწვერას ფესვებს აქვთ სიცხის დამწევი და ოფლმდენი მოქმედება. მისგან დამზადებულ ნაყენს სვამენ ძირმაგარების, ფერისმჭამელების და კანზე გამონაყარის დროს. ბაბუაწვერას რძეწვენს ისვამენ კოჟრებზე და მეჭეჭებზე.

ბაბუაწვერას ფესვების ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ. დაქუცმაცებული ფესვები (1 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალ, დაახურეთ თავსახური, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წუთი, ხშირად ურიეთ. შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ, შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ-მდე) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ნაყენი რეკომენდირებულია მიიღოთ თბილი სახით 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 15 წუთით ადრე, როგორც ნაღვლის დასადენი საშუალება და კანის იმ დაავადებების დროს, რომლებიც ზემოთ იყო აღნიშნული.
კუჭ-ნაწლავის დაავადების, მეტეორიზმისა და ბუასილის დროს ნაყენი დაამზადეთ შემდეგნაირად: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დადგით 8 საათის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ 1/4 ჭიქა 2-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ფესვებს ხმარობენ ათეროსკლეროზის დროს.
საფრანგეთსა და იტალიაში ბაბუაწვერას ფოთლებისაგან ამზადებენ სხვადასხვა სახის სალათებს, მათ იყენებენ როგორც საერთო გამამაგრებელ საშუალებას

ასკილი

ასკილი ბუჩქოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1-3 მ, დატოტვილი ეკლიანი ღეროებით. ეკლები მაგარია, ნამგლისებური, მთავარ ღეროზე – იშვიათი, ყვავილოვან ღეროებზე კი – ხშირი. ყლორტები მწვანეა, ღეროები რუხი-მოწითალო ქერქით. კენტფრთართული ფოთლები 7-9 სმ სიგრძისაა, მწვანე, შიშველი, ზოგჯერ მთავარი ღერძის გასწვრივ მოკლე, იშვიათი ბეწვებით. ყვავილები მარტოულია, თეთრი, მქრალი-ვარდისფერი, ან ვარდისფერი, დიამეტრით 3-5 სმ. ნაყოფი კენკრისებურია, ცრუ, წვნიანი, სხვადასხვა ფორმისა, იშვიათად მრგვალი, უფრო ხშირად მოგრძო-ოვალური, გლუვი, ღია ან მუქი წითელი ფერის, ნაყოფის შიგა კედლები მოფენილია მრავალრიცხოვანი ჯაგრისებური ბუსუსებით, რომელთა შორის მოთავსებულია მრავალი მკვრივი ნაყოფი-კაკალი.

ასკილი ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.
საქართველოში ასკილის მრავალი სახეობაა გავრცელებული, მათ ერთი და იმავე დანიშნულებით იყენებენ. ასკილი გავრცელებულია როგორც ზღვისპირეთში, ასევე მთიან ადგილებში, შეთხელებულ ტყეებში, ტყის, გზის პირებზე, ნაკადულების, მდინარეების ნაპირებზე.

ასკილის ნაყოფს აგროვებენ ყინვების დადგომამდე. მიზანშეწონილია ნაყოფის შეგროვება სრულ დამწიფებამდე, როდესაც იგი ჯერ კიდევ მაგარია, მაგრამ უკვე წითელია ან ნარინჯისფერი.
ამ დროს ნაყოფი ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს. შეგროვილი ნაყოფი უნდა გაშრეს სწრაფად სხვენზე, ფარდულში კარგი ვენტილაციის პირობებში, შესაძლებელია გაშრობა ღუმელში, ან საშრობებში 80-90 გრადუს C ტემპერატურის დროს.

ასკილის ნაყოფი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს. რბილობი შეიცავს ასკორბინის მჟავას (ვიტამინი С), რიბოფლავინს (ვიტამინი B2), ბეტა-კაროტინს (პროვიტამინი A), ფილოქინონს (ვიტამინი K), ბიოფლავონოიდებს (ვიტამინი P), ხოლო თესლი – ტოკოფეროლებს (ვიტამინი E), კაროტინს, სხვადასხვა მჟავებს.
ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს

ალოე

ალოე საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის კულტურა. ალოეს სამშობლოა აფრიკა. მას როგორც სამკურნალო მცენარეს, იცნობდნენ ძველი ბერძნები და რომაელები. ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცები აფრიკაში ლაშქრობისას სწავლობდნენ ალოეს წვენის _ საბრის მომზადებას. რომაელები მას აშენებდნენ ბაღებში. არაბები ალოეს მოთმინების სიმბოლოდ თვლიდნენ, რადგან იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ჭკნება. სულხან-საბა ალოეს საბრს და აზუას უწოდებდა.
ალოე მრავალწლიანი, შედარებით დაბალი ტანის მცენარეა, სამშობლოში 4 მ-ის სიმაღლეს აღწევს. აქვს ხორციანი ფოთლები, რომელთა სიგრძე 60 სმ-მდეა. როგორც წესი, ფოთლები ზემოთ ქმნიან როზეტს. ფორმით წაგრძელებულ-მახვილისებრია,ეკლისმაგვარი კიდეებით. საყვავილე ისარი მაღალია, რომელიც მთავრდება წითელი ან ყვითელი ლამაზი ფერის გრძელი მტევანა ყვავილედით: ყვავილის გვირგვინი მარტივია, რომელსაც აქვს ექვსკბილიანი ყვავილსაფარი.
ალოე იზრდება ნახევრადუდაბნოებში. აქვს წვნიანი ფოთოლი, ლორწოვანი რბილობით, რაც უზრუნველყოფს მის არსებობას გვალვის პირობებში.
მედიცინაში ალოეს გამოყენება ხდება ძირითადად სამი სახით: მშრალი წვენის _ საბრის ახალი წვენისა და პრეპარატების სახით.
საბრის მოსაპოვებლად აფრიკასა და ამერიკაში გამოიყენება ძალიან მსხვილფოთლიანი ალოე. მას ამზადებენ შემდეგი წესით: ჭრიან მსხვილ ფოთოლს და აწყობენ დახრილ სიბრტყეზე. ფოთლიდან წვენი წვეთავს 5 სთ-ის განმავლობაში. მიღებულ წვენს ტოვებენ მცხუნვარე მზის ქვეშ თვეობით. ამ ხნის განმავლობაში წვენი არც მჟავდება და არც დუღილს არ განიცდის. გაშრობის შემდეგ საბრს აქვს მოშავო-მორუხო უფორმო მყიფე ნაჭრების სახე და ძალიან მწარე გემო.
საბრი შეიცავს საფაღარათო ანტრაგლიკოზიდებს და ფისებს. დიდი დოზებით საბრის მიღება (0,5-1,0 გ) იწვევს ძლიერ საფაღარათო მოქმედებას, რაც 6-8 სთ-ის შემდეგ ვლინდება. ამასთან, იწვევს სისხლის ჭარბად მიწოდებას მენჯ-ბარძაყის ორგანოებისაკენ, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს. მცირე დოზებით (0,05-0,2 გ) აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მადას. ალოე შედის “სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ელექსირის” შემადგენლობაში.
ჩვენს პირობებში ალოეს ფოთლები მცირე ზომისაა. ამიტომ წვენის მისაღებად ფოთლებს ჯერ წნეხავენ და შემდეგ აორთქლებენ.

ალოეს ახალი წვენი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. მის წვენს თაფლთან და კარაქთან ერთად იყენებენ ტუბერკულოზისა და საერთო სისუსტის დროს.
ძლიერი ბრონქიტის დროს აიღეთ 15 გ. ალოე, ღორის ან ბატის გამდნარი ქონი 100 გ, კარაქი (უმარილო) – 100 გ, ფუტკრის თაფლი – 100 გ, გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ.
გასტრიტის, დიზენტერიისა და ქრონიკული შეკრულობის დროს დალიეთ 1-2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი 2-3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 1-2 თვე.
დაჩირქებული ჭრილობებისა და დამწვრობის დროს დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული დოლბანდი ან პირდაპირ დაიწვეთეთ წვენი დაზიანებულ ადგილას.
ალოეს წვენს ფართოდ იყენებენ კოსმეტიკაშიც. იგი კარგი ბიოსტიმულატორია. თუ გნებავთ კიდევ უფრო გალამაზდეთ, გარეცხეთ ალოეს ფოთოლი ცივ ანადუღარ წყალში, დააქუცმაცეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე (ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში), დაამატეთ 5 წილი წყალი და გააჩერეთ 1 სთ. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე, ადუღეთ 2-3 წთ, გაწურეთ 2-3 ფენა დოლბანდში (არ დაგავიწყდეთ ფოთლიდან ეკლისმაგვარი კიდეების მოცილება). ასეთი სახით დამზადებულ ალოეს ნაყენს ხმარობენ სახის გასაწმენდად, ფერისმჭამელების მოსაცილებლად, ზედმეტი ცხიმიანობის დროს. თუ სახის კანი მშრალია, საჭიროა, გაწმენდის მერე წაისვათ ცხიმოვანი მკვებავი კრემი. ნაყენის გამოყენება შეიძლება გამოსავლებად პირის ღრუსა და ყელის ანთებითი პროცესების დროს.
როგორც ავიცენა მიუთითებდა ალოეს წვენი კარგი საშუალებაა მელანქოლიის დროს. ალოეს წვენს თაფლთან ერთად იდებენ დანარტყამ ადგილებზე, ხოლო მისი წვენი ღვინოსთან შერეული თმის ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ალოეს იყენებენ აგრეთვე სწორი ნაწლავისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების სიმსივნის დროს.

აბზინდა

აბზინდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიგრძით 1 მ.-ს აღწევს და მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო შეფერილობა აქვს. აბზინდა რთულყვავილოვანთა ოჯახს ეკუთვნის. ახასიათებს ძლიერი სპეციფიკური სუ­ნი და მწარე გემო. ღერო სწორმდგომი და ზედა ნაწილში დატოტვილია. ფესურა მოკლეა, დატოტვილი და ფესვით ბოლოვდება. ფესვთან განლაგებული ფოთლები სამჯერ ფრთისებრგანკვეთილია, ღეროს ფოთლე­ბი _ ორჯერ ფრთისებრგანკვეთილი, ხოლო ზედა ფოთლები ფრთისებრია. წვრილი, ყვითელი ყვავილები 2,5-3,5 მმ. დიამეტრის ბურთისებრ კალათებს ქმნიან, რომლებიც თავის მხრივ საგველა ყვავილედებს ქმნის.
ყვავილობს ივლის-აგვისტოში, თესლი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. მცენარე კარგად უძლებს სიცი­ვეს და სიცხეს.

დამზადება

სამედიცინო მიზნებისთვის ფოთლებს და ყვავილიან კენწეროებს (ბალახს) იყენებენ. აბზინდას დამზადება ორ ეტაპად ხდება. ფესვთან განლაგებულ ფოთლებს ყუნწების გარეშე ყვავილობამდე აგროვებენ. კენწეროებს ყვავილობის დროს კრეფენ _ 20-25სმ. სიგრძისას ჭრიან. მოკრეფის დრო თუ დაგვიანდა, ეს ყვავილე­ბის ყვითელი შეფერილობის დაკარგვას, მის გამუქებას გამოიწვევს. ნედლეული რომ არ გამუქდეს, მცენარეს თავისუფლად ალაგებენ კალათში და სწრაფად აშ­რობენ ჩრდილში _ სხვენზე ან საშრობში 40-500ჩ ტემპერატურაზე 3-5 სმ. ფენად გაშლილს. კარგად გამომშრალი ღეროები უნდა ტყდებოდეს. ნედლეულს ინახა­ვენ მკვრივ ტომრებში ან ხის ჭურჭელში 2 წლის განმავლობაში.

ქიმიური შემადგენლობა

აბზინდას ბალახი შეიცავს ეთერზეთებს, მწარე გლიკოზიდებს, ფლავონებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს, ასევე მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბი­ნის მჟავას და კაროტინს.

გამოყენება მედიცინაში

აბზინდას იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევის, მაღალი მჟავიანობის, მუცლის ჭრის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებე­ბის, ანემიის დროს. აბზინდას ნაყენი ან ფხვნილი აძლიერებს კუჭის წვენს, აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან.
აბზინდას ნახარშს და ნაყენს იყენებენ გამოჯანმრთელების პერიოდში. აბზინდა მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი ძარღვებს დაჭიმვის, ამოვარდნილო­ბის, მსხვილი ნაწლავის სპაზმის და ანთების დროს.

უკუჩვენება

ფეხმძიმობა, მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ.
აბზინდას პრეპარატებს მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იყენებენ, რადგან ვადის გაგრძელება უარყოფით მოქმედებას იწვევს. აბზინდას დიდი რაოდენობა იწ­ვევს პირღებინებას, მოქმედებს არტერიულ წნევაზე (მცირე რაოდენობით _ ამაღლებს, დიდი რაოდენობით ადაბლებს). მცენარე შხამიანია! აბზინდას პრეპარატე­ბის მიღებისას დაიცავით მკურნალობის ვადები და მიღების წესები.
აბზინდა მიიღეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გავრცელების ადგილები

საქართველოში აბზინდა გავხვდება სვანეთში, სამეგრელოში, ქართლში, მთიულეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, თრიალეთში, ჯავახეთში, მესხეთში.
იზრდება როგორც სარეველა გზების პირას, საძოვრებზე, მშრალ მთიან ადგილებში.

სამკურნალო მცენარეები

ადამიანი ბუნების ნაწილია, ამიტომ ბუნების გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია. აბა, ერთი წუთით დავფიქრდეთ: ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ქსეროქსი, ფაქსი, პრინტერი, სკანერი, მაცივარი, მტვერსასრუტი და ათასგვარი სხვა საოჯახო ტექნიკა, საღებავები, ლაქი, ავტომობილი - ყოველივე ის, რითაც არის გარემოცული თანამედროვე ადამიანი, მავნე ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს. ყოველი მათგანი ცალკე აღებული საკმაოდ მავნეა, ერთად კი ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის დამღუპველ კოქტეილს ქმნის. ასეთი მოწამვლის შედეგად ადამიანი ითენთება, უჩნდება დაღლილობის შეგრძნება, ხშირად სტკივა თავი, ღიზიანდება...

როგორ მოვიქცეთ?
დახმარებისთვის ისევ ბუნებას უნდა მივმართოთ, საცხოვრებელ სახლებთან ვახაროთ მცენარეები, დავრგოთ ხეები, რომლებიც გაანეიტრალებენ მავნე ნივთიერებებს, გამოიმუშავებენ ჟანგბადს და თავიანთი ბიოველით დადებით გავლენას მოახდენენ ჩვენზე, უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ხისათვის და ისინი მოჭრას გადავარჩინოთ. პრაქტიკულად ყველა ხემცენარე (გარდა ალვისა, თხმელისა და ველური იასამნისა) ადამიანზე მაკურნებელ გავლენას ახდენს, კურნავს ფსიქიკურ აშლილობას, ასტიმულირებს გულის მუშაობას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის სტრესსა და თავის ტკივილს, თუმცა მაინც ჯობს, ვიცოდეთ თითოეული მათგანის გამაჯანსაღებელი თვისებები და თავისებურებები: არყი ხელს უწყობს ძალებისა და ყურადღების კონცენტრირებას, ენერგიის გადანაწილებას ორგანიზმში, ახდენს ჰაერის იონიზებას, ახალისებს და ხელს უწყობს შინაგანი წონასწორობის აღდგენას. მისი წვენი საუკეთესო ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებად მიიჩნევა.
წიფელი - ამაღლებს გამძლეობას სტრესების მიმართ და კონცენტრირების უნარს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
მუხა - ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს გამოჯანსაღების პროცესს, ეხმარება ადამიანს სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში და ავსებს მას ენერგიით.
წაბლის ხე - კურნავს რევმატიზმს და უძილობას, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და ფანტავს შიშს.
ფიჭვი - ამშვიდებს, ხსნის ფსიქიკურ დაძაბულობას, ხოლო ფიჭვნარში სეირნობა კურნავს ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს. ფიჭვს მძიმე, მკვრივი ბიოენერგია აქვს, ამიტომ მათთვის, ვისაც გულის ან თავის ტკივილი აწუხებს, ფიჭვნარში სეირნობა რეკომენდებული არ არის.
ცაცხვი - ამ ხის დადებითი ენერგია გულჩათხრობილ ადამიანებს გულისნადების გამხელაში ეხმარება. ცაცხვს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, რომლებიც კონცენტრირებულია ყვავილებსა და ყვავილის ფოთლებში. ყვავილებში თავმოყრილია პოლიფენოლები (ფლავონოიდები), ლორწოვანი ნივთიერებები და მცირე რაოდენობით ეთეროვანი ზეთი, არომატული მჟავები და ტანინები.

ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებით პოპულარულია ცაცხვის ჩაი, რომელიც დაბლა სწევს ტემპერატურას და აცხრობს ხველას. ცაცხვის ნახარში შესანიშნავად ასუფთავებს ფილტვებს მიკრობებისგან. ცაცხვს ხშირად რთავენ სააფთიაქო ფიტონარევების შემადგენლობაში როგორც გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებას. ცაცხვის ჩაი შეიძლება მიიღოთ ასევე ორგანიზმის მოსამაგრებლად. ფარმაცევტული პრეპარატები, რომლებიც ცაცხვის ყვავილებისა და ფესვებისგან არის დამზადებული, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და გამწმენდი მოქმედებით გამოირჩევა. თუ ანთება გაქვთ, გირჩევთ, ვერხვს ან ალვის ხეს ჩაეხუტოთ. აკაციის ბიოენერგია ადამიანს ახალისებს და სიმსუბუქეს მატებს. აკაცია უნივერსალური დონორია. იგი ყველას სჭირდება.
ცირცელს აკაციის მსგავსი ბიოენერგია აქვს, მაგრამ გაცილებით სუსტი.
ბროწეული - კარგი იქნება, თუ მას სახლში ან სახლის ახლოს გაახარებთ. ის ადამიანის იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და სტიმულს აძლევს მას.
ლიმონის ხე - წმენდს ჰაერს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, გვეხმარება არასასურველი გარეგანი ფაქტორების შედეგად დასუსტებული ბიოველის აღდგენაში.
კაქტუსი - რაც მეტია ეს მცენარე ჩვენ ირგვლივ, მით უკეთესი. კაქტუსი ანეიტრალებს რადიაციულ ზემოქმედებას. გარდა ამისა, მისი ბიოველი სტიმულს აძლევს ეროგენულ ზონებს. კაქტუსი უმჯობესია ფანჯარასთან რაც შეიძლება ახლოს განვათავსოთ.

გაზაფხული ხეებთან "ურთიერთობისთვის" საუკეთესო დროა. წლის ამ პერიოდში ხეები იღვიძებენ და კარგად ითვისებენ პათოგენურ ენერგიას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე. შეეხეთ ხეს, როგორც ძველ მეგობარს, რომელსაც ყველა ფიქრსა და დარდს უზიარებთ, ან, უბრალოდ, დასხედით ხის ძირას და დააკვირდით მისი ტოტების თანაბარ მოძრაობას. თქვენი აღელვებული, აფორიაქებული გული აუცილებლად დამშვიდდება.