Saturday, June 16, 2012

ბარამბო


ბარამბო მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ლიმონის დამახასიათებელი სუნითა და დატოტვილი ფესურით. ღერო სწორმდგომია, ოთხწახნაგოვანი, დატოტვილი, ფოთლები მოპირისპირეა, ქვედა ფოთლები სხედან გრძელ ყუნწებზე, გულისებრ-კვერცხისებრია, ზედა _ მოკლე ყუნწებზე, რომბისებრი ან მოგრძოა. ყველა ფოთოლი ღრმად არის დაკბილული. ყვავილები მჯდომარეა,სხედან ზემოთა ფოთლების უბეებში. გვირგვინი ბაცი ყვითელია თეთრი ან მოვარდისფრო, შეზრდილია მილისებურად, ორტუჩიანია, ნაყოფი მშრალია, იყოფა 4 კაკლურად. ყვავილობს ივნის-სექტემბერში.

ბარამბო ხარობს ბუჩქნარებში, მეჩხერ ტყეებში, ბალახოვან და ქვიან ადგილებში, გზისპირებთან ახლოს.
ნედლეულად იყენებენ ფოთლებსა და ღეროს კენწრულ ნაწილს. იგი შეიცავს 0,3%-მდე ეთერზეთს, ტანინს.

ბარამბო გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, სპაზმოლიტური საშუალება. იგი აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, სპობს ფერმენტაციის ანომალიებს.
ბარამბოს გამოყენების დროს ავადმყოფს ეხსნება ხუთვის შეგრძნება, სუსტდება ან სულ ისპობა ტაქიკარდიის მოვლენები და ტკივილები გულის არეში, მცირდება გულისცემის სიხშირე, დაბლა იწევს სისხლის წნევა.

No comments:

Post a Comment