Saturday, June 16, 2012

აბზინდა

აბზინდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიგრძით 1 მ.-ს აღწევს და მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო შეფერილობა აქვს. აბზინდა რთულყვავილოვანთა ოჯახს ეკუთვნის. ახასიათებს ძლიერი სპეციფიკური სუ­ნი და მწარე გემო. ღერო სწორმდგომი და ზედა ნაწილში დატოტვილია. ფესურა მოკლეა, დატოტვილი და ფესვით ბოლოვდება. ფესვთან განლაგებული ფოთლები სამჯერ ფრთისებრგანკვეთილია, ღეროს ფოთლე­ბი _ ორჯერ ფრთისებრგანკვეთილი, ხოლო ზედა ფოთლები ფრთისებრია. წვრილი, ყვითელი ყვავილები 2,5-3,5 მმ. დიამეტრის ბურთისებრ კალათებს ქმნიან, რომლებიც თავის მხრივ საგველა ყვავილედებს ქმნის.
ყვავილობს ივლის-აგვისტოში, თესლი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. მცენარე კარგად უძლებს სიცი­ვეს და სიცხეს.

დამზადება

სამედიცინო მიზნებისთვის ფოთლებს და ყვავილიან კენწეროებს (ბალახს) იყენებენ. აბზინდას დამზადება ორ ეტაპად ხდება. ფესვთან განლაგებულ ფოთლებს ყუნწების გარეშე ყვავილობამდე აგროვებენ. კენწეროებს ყვავილობის დროს კრეფენ _ 20-25სმ. სიგრძისას ჭრიან. მოკრეფის დრო თუ დაგვიანდა, ეს ყვავილე­ბის ყვითელი შეფერილობის დაკარგვას, მის გამუქებას გამოიწვევს. ნედლეული რომ არ გამუქდეს, მცენარეს თავისუფლად ალაგებენ კალათში და სწრაფად აშ­რობენ ჩრდილში _ სხვენზე ან საშრობში 40-500ჩ ტემპერატურაზე 3-5 სმ. ფენად გაშლილს. კარგად გამომშრალი ღეროები უნდა ტყდებოდეს. ნედლეულს ინახა­ვენ მკვრივ ტომრებში ან ხის ჭურჭელში 2 წლის განმავლობაში.

ქიმიური შემადგენლობა

აბზინდას ბალახი შეიცავს ეთერზეთებს, მწარე გლიკოზიდებს, ფლავონებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს, ასევე მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბი­ნის მჟავას და კაროტინს.

გამოყენება მედიცინაში

აბზინდას იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევის, მაღალი მჟავიანობის, მუცლის ჭრის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებე­ბის, ანემიის დროს. აბზინდას ნაყენი ან ფხვნილი აძლიერებს კუჭის წვენს, აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან.
აბზინდას ნახარშს და ნაყენს იყენებენ გამოჯანმრთელების პერიოდში. აბზინდა მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი ძარღვებს დაჭიმვის, ამოვარდნილო­ბის, მსხვილი ნაწლავის სპაზმის და ანთების დროს.

უკუჩვენება

ფეხმძიმობა, მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ.
აბზინდას პრეპარატებს მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იყენებენ, რადგან ვადის გაგრძელება უარყოფით მოქმედებას იწვევს. აბზინდას დიდი რაოდენობა იწ­ვევს პირღებინებას, მოქმედებს არტერიულ წნევაზე (მცირე რაოდენობით _ ამაღლებს, დიდი რაოდენობით ადაბლებს). მცენარე შხამიანია! აბზინდას პრეპარატე­ბის მიღებისას დაიცავით მკურნალობის ვადები და მიღების წესები.
აბზინდა მიიღეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გავრცელების ადგილები

საქართველოში აბზინდა გავხვდება სვანეთში, სამეგრელოში, ქართლში, მთიულეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, თრიალეთში, ჯავახეთში, მესხეთში.
იზრდება როგორც სარეველა გზების პირას, საძოვრებზე, მშრალ მთიან ადგილებში.

No comments:

Post a Comment