Saturday, June 16, 2012

ჩარხალი და დიაბეტი

დიაბეტიანისთვის ორგანიზმის გაძლიერებისა და სისხლძარღვოვან გართულებათა თავიდან აცილების მიზნით ჭარხლის წვენითა და ქაცვის ზეთით მკურნალობა არამცთუ შეიძლება, არამედ აუცილებელიც კია.

თავდაპირველად - ჭარხლის წვენზე

წითელი ჭარხლით მკურნალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჭარხალს წარმატებით იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში ავიცენა, ჰიპოკრატე, გალენუსი, პარაცელსიუსი, დიოსკორიდე და სხვანი. ანტიკური საბერძნეთის ექიმები ჭარხლის წვენით მკურნალობდნენ ანემიას, საჭმლის მომნელებელი

ტრაქტისა და ლიმფური სისტემის პათოლოგიებს. ამ სამკურნალო საშუალებას უძველესი დროიდან იყენებდნენ არაბები და სპარსელებიც. აღმოსავლური მედიცინის საუნჯეში ჭარხლის წვენით მკურნალობის არაერთი საინტერესო რეცეპტია შემონახული. ჭარხლის წვენის უნიკალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღირებულებას ვიტამინების შემცველობა, კალიუმის, იოდის, რკინის, ცილებისა და უჯრედისის კომბინაცია განსაზღვრავს. ის მდიდარია ბეტაინით, ბეტანინით, P1 ვიტამინით, წმენდს ორგანიზმს წიდებისა და მავნე ქოლესტერინისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვებს. ამ თვისებების გამო ჭარხლის წვენი ძველთაგანვე გამოიყენება ალერგიულ რეაქციათა, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიული დაავადების, ღვიძლის, სახსრების, ფარისებრი ჯირკვლის, სისხლის სხვადასხვა პათოლოგიის სამკურნალოდ. უკანასკნელი ათწლეულის გამოკვლევებით დადგენილია, რომ წითელ ჭარხალში შემავალი ბეტაინი და ბეტანინი აუმჯობესებს ცილების შეთვისებას და აქტიურად მონაწილეობს ქოლინის წარმოქმნაში. ქოლინი აძლიერებს ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) ფუნქციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, აწესრიგებს ორგანიზმში ცხიმოვან ცვლას, ხელს უწყობს კაპილარების განმტკიცებას. ჭარხალში შემავალი ძნელად მოსანელებელი უჯრედისის, პექტინებისა და ორგანული მჟავების წყალობით (საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მათი გადაადგილებისდა კვალად) აბსორბირდება (შეიწოვება და იბოჭება) და ორგანიზმიდან გამოიყოფა მიკრობული წარმოშობის მავნე, შხამიანი ნივთიერებები, მძიმე მეტალთა მარილები, რადიაქტიური იზოტოპები, ჭარბი ქოლესტერინი და ორგანიზმისთვის არასასურველი მრავალი სხვა ნივთიერება. დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია რეგულარულად, დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1/4 ჭიქა ჭარხლის წვენის მიღება. სასურველია, წვენი უშუალოდ მიღების წინ გამოწუროთ - ახალგამოწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა. იგი ორგანიზმს ავსებს 2,5-ჯერ მეტი აქტიური ჟანგბადითა და ორვალენტიანი რკინით, რომელიც ასე აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის. თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტორიც: ჭარხლის ახალგამოწურულ წვენს ზოგიერთის ორგანიზმი ვერ იღებს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, მკურნალობა მცირე დოზით (1 ჩაის კოვზით) დაიწყოთ და თანდათანობით გაზარდოთ 1 ჭიქა დღიურ ულუფამდე. ახალგამოწურული წვენის აუტანლობის შემთხვევაში (თუ თავბრუხვევამ, გულისრევამ, წნევისა და პულსის ვარდნამ, ზოგადმა სისუსტემ შეგაწუხათ), გირჩევთ, გაწურული წვენი 1-2 საათით მაცივარში დააყოვნოთ და ამის შემდეგ მიირთვათ. კარგია ასევე 150-200 გრამი მოხარშული ჭარხლის რეგულარული მიღება სადილად. ეს ბოსტნეული, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

No comments:

Post a Comment