ასკილი ბუჩქოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1-3 მ, დატოტვილი ეკლიანი ღეროებით. ეკლები მაგარია, ნამგლისებური, მთავარ ღეროზე – იშვიათი, ყვავილოვან ღეროებზე კი – ხშირი. ყლორტები მწვანეა, ღეროები რუხი-მოწითალო ქერქით. კენტფრთართული ფოთლები 7-9 სმ სიგრძისაა, მწვანე, შიშველი, ზოგჯერ მთავარი ღერძის გასწვრივ მოკლე, იშვიათი ბეწვებით. ყვავილები მარტოულია, თეთრი, მქრალი-ვარდისფერი, ან ვარდისფერი, დიამეტრით 3-5 სმ. ნაყოფი კენკრისებურია, ცრუ, წვნიანი, სხვადასხვა ფორმისა, იშვიათად მრგვალი, უფრო ხშირად მოგრძო-ოვალური, გლუვი, ღია ან მუქი წითელი ფერის, ნაყოფის შიგა კედლები მოფენილია მრავალრიცხოვანი ჯაგრისებური ბუსუსებით, რომელთა შორის მოთავსებულია მრავალი მკვრივი ნაყოფი-კაკალი.
ასკილი ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.
საქართველოში ასკილის მრავალი სახეობაა გავრცელებული, მათ ერთი და იმავე დანიშნულებით იყენებენ. ასკილი გავრცელებულია როგორც ზღვისპირეთში, ასევე მთიან ადგილებში, შეთხელებულ ტყეებში, ტყის, გზის პირებზე, ნაკადულების, მდინარეების ნაპირებზე.
ასკილის ნაყოფს აგროვებენ ყინვების დადგომამდე. მიზანშეწონილია ნაყოფის შეგროვება სრულ დამწიფებამდე, როდესაც იგი ჯერ კიდევ მაგარია, მაგრამ უკვე წითელია ან ნარინჯისფერი.
ამ დროს ნაყოფი ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს. შეგროვილი ნაყოფი უნდა გაშრეს სწრაფად სხვენზე, ფარდულში კარგი ვენტილაციის პირობებში, შესაძლებელია გაშრობა ღუმელში, ან საშრობებში 80-90 გრადუს C ტემპერატურის დროს.
ასკილის ნაყოფი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს. რბილობი შეიცავს ასკორბინის მჟავას (ვიტამინი С), რიბოფლავინს (ვიტამინი B2), ბეტა-კაროტინს (პროვიტამინი A), ფილოქინონს (ვიტამინი K), ბიოფლავონოიდებს (ვიტამინი P), ხოლო თესლი – ტოკოფეროლებს (ვიტამინი E), კაროტინს, სხვადასხვა მჟავებს.
ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს
No comments:
Post a Comment